კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ დასახელებული ორი მაჟორიტარი კანდიდატი შეცვალა. როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეთრიწყაროში მამუკა აბულაძეს შალვა ხაჭაპურიძე ჩაანაცვლებს, ხოლო თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ გოგსაძე იქნება.
ივანიშვილის თქმით, როგორც აბულაძე, ისევე ნიშნიანიძე, კოალიციის ცენტრალურ შტაბში იმუშავებენ და პარტიის საარჩევნო სიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ.
დღესვე, კოალიციამ ორი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც დაასახელა. ივანიშვილის თქმით, ცაგერში წარდგენილია მამუკა ჩაჩხიანი, ხოლო ახალქალაქში ლორიკ კარაპეტიანი.
კოალიციის ლიდერი მიჩნევს, რომ ისინი ღირსეული კანდიდატები არიან და თავის რეგიონებში პატივისცემით სარგებლობენ.
„ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი კანდიდატი მხოლოდ ორ რაიონში ნინოწმინდასა და მარნეულში არ დაუსახელებია. მათ წარდგენას კოალიცია უახლოეს მომავალში გეგმავს.
რაც შეეხება კანდიდატების შეცვლას, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა ცვლილება ამ მიმართულებით აღარ განხორციელდება.

















