კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმები აქვს შემუშავებული - ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა რუსთავში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, მოახლოებულ არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ხელისუფლება კი, საზოგადოებას შეპარვით და ხან პირდაპირ იმ აზრს უნერგავს, რომ მათ ხმებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ყველაფერი მაინც სხვაგან და წინასწარ წყდება.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყოველი მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა უმნიშვნელოვანესია.
„ხალხის არჩევანს ფასი რომ არ ჰქონდეს, ეს ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ არ დაარიგებდა ხან ტომარა ფქვილს, ხან შაქარს, ხან 10 და ხან 20-ლარიან დახმარებას. ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ უფრო გვაწყობს ამ წუთას და ვის ხელში უკეთ შევინარჩუნებთ მცირეოდენ პირად კეთილდღეობას“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნები დემოკრატიის მთავარი საყრდენია, იგი გადამწყვეტი დღეა და თუ საზოგადოებამ ეს დღე არ გამოიყენა, მეორე დღეს უკვე ყველაფერი დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს.
„სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მანკიერი, მაგრამ კარგად განვითარებული სისტემა, რომელიც ტყუილისა და სიყალბის იდეოლოგიას ემსახურება. გაყალბებისა და ხელისუფლების შენარჩუნებისათვის იყენებენ ჩვენს მოქალაქეებს. ამ ხელისუფლებამ სიყალბე დაადგინა ქვეყნის მართვის მთავარ პრინციპად“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ სიყალბესა და დანაშაულში არამხოლოდ ხელისუფლების წევრები, არამედ სამსახურის დაკარგვის შიშით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ.
ივანიშვილის თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გაყალბების მთავარ მონაწილეებად და შემსრულებლებად ხელისუფლებამ მასწავლებლები გაიხადა.
„როგორ უნდა გაბედონ ჩვენი შვილების აღზრდა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბავშვებს გაუყალბეს მომავალი. მასწავლებლებო, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას, ნუ მისცემთ უფლებას თქვენზე იბატონოს“- განაცხად ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საგანგებოდ აღსანიშნავია კოორდინატორების, მამასახლისების და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ადგილობრივი სტრუქტურებისა და მათი აქტივისტების საქმიანობა, რადგან მათი მეშვეობით, წვრილმანი კრიმინალის, დაშინების, შანტაჟის ათასობით ფაქტი ხდება, რაც, რეალურად, ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.

















