„ქართულმა ოცნებამ“, არსებული შესაძლებლობიდან და რეალობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი გუნდი შექმნა და საუკეთესო
კოალიცია ჩამოაყალიბა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში მიმდინარე აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კოალიციაში „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური გამორჩეული პიროვნება და ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია.
„არ არსებობს ამ ხნის პოლიტიკოსი საქართველოში, რომელსაც ესე კაცურად ეცხოვროს. მას დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, ციხეშიც იყო, ბევრი გაჭირვებაც გადაიტანა, მაგრამ არასდროს კაცობაზე უარი არ უთქვამს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, კოალიციის წევრებს ერთმანეთში აქვთ მცირედი პრობლემები, თუმცა, არ არსებობს გუნდში არც ერთი პარტია, კოალიციისა და საბჭოს არც ერთი წევრი, რომელსაც არ უყვარდეს ზვიად ძიძიგური და ოდნავ მაინც პრეტენზია გააჩნდეს მისდამი.
ივანიშვილმა ძიძიგური მებრძოლ, გამოცდილ და პატიოსან ადამიანად დაახასიათა და რუსთაველებს მისი გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

















