პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვას
მმართველი პარტიის პიარ-პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.
როგორც თემურ შაშიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის პოლიტიზებას ცდილობს და ამას ზღვარგადასული სითავხედით „ხალხზე ზრუნვას“ უწოდებს.
„პატრიარქის კურთხევის გარეშე აღმართო ჯვარი, აქციო ეს საკუთარი პარტიის პიარ-პროპაგანდის ნაწილად, შეურაცხჰყო და არარად ჩააგდო მამუკა ასლანიკაშვილის ხსოვნა - ვისი უშუალო ინიციატივითაც ბაგრატის აღმშენებლობა დაიწყო, სწორედ რომ ზღვარგადასული მკრეხელობაა“- ნათქვამია განცხადებაში.
ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონია გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. ის სასულიერო პირებთან ერთად, ტაძრის გუმბათზე ავიდა და ჯვრის აღმართვის პროცესში ჩაერთო.

















