„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა სამუშია „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან
დაკავშირებით, რომ პარტიას ამომრჩეველთან შეხვედრების ორგანიზებაში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება.
როგორც სამუშიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მსგავსი ინფორმაცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების შეურაცხყოფაა.
„ეს არის იმ ხელმოცარული პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელთაც დამოუკიდებლად ათი კაცის შეკრებაც არ შეუძლიათ. ისინი სხვების ზურგს არიან ამოფარებულები და ასე უნდათ ლელოს გატანა, მაგრამ პოლიტიკა ამგვარად არ კეთდება“-განაცხადა სამუშიამ.
მისი თქმით, მათ წინააღმდეგ „შავ პიარს“ სწორედ ამგვარი პარტიები აგორებენ.
„ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენზე ამას ამბობენ, თვითონ იყვნენ სააკაშვილის შემქმნელები და მისი ხელისუფლების ნაწილები - მისი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, წარმომადგენლები და დამფინანსებლები. ჩვენ სააკაშვილის ნაწილი არასდროს ვყოფილვართ“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ დღესდღეობით „ქრიატიან-დემოკრატებისთვის“ „ტალახის სროლით“ სწორედ ასეთი ადამიანები არიან დაკავებულები.
მისივე თქმით, ქდმ-ს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში უამრავი მხარდამჭერი ყავს, რომლებთანაც კომუნიკაცია პარტიას არასდროს გაუწყვეტია.
მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცალკეულ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრებში „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ეხმარება.

















