კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების შესახებ წინადადებებს სთავაზობს. ამის შესახებ
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გამოთქვამენ მზადყოფნას შეთანხმდნენ კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ პარტიათა ქცევის წესებზე.
„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი პარტია გამოხატავს მზადყოფნას, გაიზიაროს მათ მიერ შემუშავებული ქცევის წესები იმ პირობით, თუ მას რამდენიმე საკითხი დაემატება.
„ძირითადი ოპოზიციური სპექტრი კი, თავის მხრივ მზადაა გაიზიაროს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ტექსტი იმ პირობით, თუკი, ქცევის წესებში კამპანიის მიერ მომზადებული წინადადებები სრულად აისახება“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ეს შენ გეხებას“ მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ძირითადი პოლიტიკური აქტორების მხრიდან შეთნხმებაზე მზაობა არსებობს, შეთანხმების ხელმოწერა კი ფორმალურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ვერ ხერხდება.
ამავე დროს, „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები გამორიცხავენ, რომ მხარეების სურვილით ტექსტმა გარკვეული მოდიფიცირება განიცადოს.
„ეს შენ გეხება“-ს მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაში ასახულია, რომ პარტიებმა 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა აღიარონ.
შეთანხმებაზე ხელმომწერმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან ასევე, საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება.
ამავე დროს, პარტიებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი აქტივისტების მხრიდან კამპანიის წარმართვა პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში და ამ წესის დამრღვევთა მიმართ შესაბამისი ზომები გაატარონ.
პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმების ფარგლებში არ უნდა დაუშვან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაცია.
შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით უნდა იმოქმედონ. ასევე უზრუნველყონ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა.
შეთანხმებაში გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება უნდა უზრუნველყოს, რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობა დისკრიმინაციულად არ შეიზღუდოს.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაა.

















