რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ დევნილი
ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების სახელების შეცვლის გადაწყვეტილებას გმობს.
ტყეშელაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კამპანიის გაგრძელებას“ - აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.
ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ჩადენილი ეთნიკური წმენდის მძიმე შედეგების კიდევ უფრო გამყარებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალის წაშლას ემსახურება.
„საქართველოს ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსულ მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შესაბამისი რეაგირება მისცეს ეთნიკური წმენდის გაგრძელების ამ შემაშფოთებელ ფაქტს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებს სახელებს შეუცვლიან, ხოლო სახლებს - დაანგრევენ. საუბარია რვა დასახლებაზე, მათ შორის, თამარაშენზე, ქურთაზე, კეხვსა და აჩაბეთზე. თიბილოვი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება.

















