პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის ლაშა გვასალიას კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო გაწევრიანების საკითხს კოალიციის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიციაში გაწევრიანების საკითხს პოლიტიკური საბჭო წყვეტს, თუმცა, ამ დროისთვის ლაშა გვასალიას „ქართულ ოცნებაში“ გასაწევრიანებლად კოალიციისთვის ჯერ არ მიუმართავს.
„ქართულ ოცნებაში“ გადმოსვლის ბევრი მსურველი არსებობს, ჩვენ ყველა მათგანის სიმპატიებს დადებითად ვუდგებით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვინ გაწევრიანდება კოალიციაში ამას პოლიტსაბჭო წყვეტს, ჯერჯერობით სხდომა არ დანიშნულა და იგი არც რიგგარეშე იკრიბება“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ რეგიონული სამსახურის ხელმძღვალნელმა ლაშა გვასალიამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა, ვინაიდან, მისი თქმით, ის დარწმუნდა, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მინდია გულუა ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. ამასთან, მისივე თქმით, პარტიას ტოვებს თბილისისა და რეგიონული ორგანიზაციების თითქმის მთელი შემადგენლობა და ისინი მხარს „ქართულ ოცნებას “ დაუჭერენ.

















