ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვისა და ჯვრის კურთხევის ცერემონია ხვალ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ცერემონიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დაესწრებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 17 აგვისტო ერთჯერადად დასვენების დღეა.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო. უკვე დასრულებულია გუმბათის აღდგენა და ამჟამად ტაძრის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

















