პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს სიღნაღის მოსახლეობაზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებენ.
როგორც პარტიაში აცხადებენ, წინასაარჩევნოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობის დაშინება და ტერორი გააძლიერა.
პარტიის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ ქვემო მაჩხაანის სპეციალისტი შერმადინ ჯანყარაშვილი მოქალაქე შოთა მჭედლიშვილს დაემუქრა - თუ იგი „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში მივიდოდა, პოლიციასთან პრობლემები შეექმნებოდა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს.

















