„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ხელისუფლებას კოალიციის აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის წევრს ბადრი ხარებაშვილს საკუთარი სიძე ალექსანდრე კახიძე ემუქრება, რომელიც ამჟამად კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მოადგილეა.
ამის შესახებ დოლიძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ხარებაშვილი კოალიციაში მივიდა, საკუთარი დის ქმრისგან მისი მისამართით გამუდმებული მუქარა ისმის.
დოლიძის განცხადებით, ალექსანდრე კახიძე ბადრი ხარებაშვილს ემუქრება, რომ თუ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ არ წავა, მას ნარკოტიკულ საშუალებებს ჩაუდებენ.
„კახიძე ტელეფონით უკავშირდება ხარებაშვილის ოჯახს და ეუბნება, რომ თუ ხარებაშვილი კოალიციიდან არ წამოვა, მას ერთი კილოგრამი ჰეროინის ჩადება და ძვალ-რბილის გაერთიანება ემუქრება“ - განაცხადა დოლიძემ და აღნიშნა, რომ ხარებაშვილი შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წარმომადგენლია და მას ნარკოტიკთან არაფერი აკავშრებს.
დოლიძის განმარტებით, ხარებაშვილმა წერილი დაწერა, სადაც იგი დეტალურად განმარტავს მოცემულ შემთხვევას. აღნიშნულ წერილს დოლიძე რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნის.
ამასთან, ვიქტორ დოლიძე მოუწოდებს ხელისუფლებას და უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელს გიგა ბოკერიას მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება მოახდინონ და საზოგადოებას თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეს.

















