პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია 19 აგვისტოს შემდეგ განაცხადებს, თუ რა ფორმით ითანამშრომლებს მისი პოლიტიკური ძალა კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“, კახა კუკავას „თავისუფალ საქართველოსთან“ და მინდია გულუას პარტიასთან „განახლებული საქართველოსთვის“.
ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე, ის არ აპირებს განცხადების გაკეთებას ვინმესთან კოალიციის ან ბლოკის შექმნის თაობაზე.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, მას თანამშროლობის შესახებ საუბარი აქვს „განახლებული საქართველოსთვის” მრჩეველთან საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუასთან, რომელსაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა და კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში და განსაკუთრებით რუსეთში, „სადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორტიული მთლიანობის აღდენისა და ეკონომიკის განვითარების გასაღები დევს“.
„ჩვენი მიზანი და ამოცანაა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მოქმედებდეს კოორდინირებულად ამ კრიმინალური ხელისუფლების წინააღმდეგ“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია.
როგორც ბაღათურიამ განაცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ოლექბში, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, მისი პოლიტიკური ძალა ცალმხრივად დაუჭერს მხარს და საკუთარ კანდიდატურას აღარ წარმოადგენს.
ცესკო-ში საარჩევნო ბლოკებად დარეგისტრირებაზე განაცხადების წარდგენის ვადა 19 აგვისტოს იწურება.

















