საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, ყურადღება გაამახვილოს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ
ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების, მათ შორის, ქურთის, კეხვის, აჩაბეთისა და თამარაშენის სრული განადგურების შესახებ.
ამის შესახებ ვაშაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეთნიკური წმენდა უმეტესწილად ქართველებით დასახლებულ ამ სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრთის ქვეშ და მათი დახმარებით განახორციელეს, შემდეგ, მათ სოფლები გადაწვეს და ნაწილობრივ დაანგრიეს.
„ეს ფაქტები დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ, მათ შორის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის მიერ, 2008 წლის ბოლოს“-ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებაც მოჰყავს, სადაც ის დარჩენილი შენობებისა და ზემოთაღნიშნული სოფლების სახელების გაქრობის ბრძანებას გასცემს.
„ეს ადგილები არ იქნება გამოყენებული საცხოვრებლად, ამიტომ მათი სახელების შენარჩუნება აზრს კარგავს... სახლები ჯერ დანგრეული არ არის, მაგრამ ვაპირებთ იურიდიულად გავაფორმოთ ეს ტერიტორიები, რომ ხვალ ან ზეგ კითხვები არ დაგვისვან. უნდა გავასუფთავოთ ეს სოფლები. ნანგრევები არც ისე კარგად გამოიყურება, ამ ადგილზე სამრეწველო სიმძლავრეებს განვავითარებთ" - ციტირებს სამინისტრო თიბილოვის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ის ბოლოა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ომის მიმდინარეობისას და ომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში, სადაც ისინი ღიად აღიარებენ ეთნიკური წმენდის ამოცანას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეთნიკური წმენდის, ისევე როგორც მისი შეუქცევადად გადაქცევისთვის გადადგმული ნაბიჯებისთვის, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირ რუსეთის ფედერაციას ეკისრება, ვინაიდან ცხინვალის რეგიონი რჩება რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ და მას საოკუპაციო რეჟიმი განაგებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამ დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფოდ დააყენონ ეს საკითხი ოფიციალური მოსკოვის წინაშე და უზრუნველყონ ასეთი გადაწყვეტილების სწრაფი გაუქმება.

















