საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა ჩიქოვანის წარდგენისას, მოსახლეობას ქალაქში
განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხშირად აცხადებენ, რომ მთავრობამ ვირტუალური რეალობა შექმნა, სადაც ყველაფერი მხოლოდ ტელეეკრანზე ხდება, ცხოვრებაში კი არაფერი იცვლება.
ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ პრეზიდენტმა რუსთავის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
„ამბობენ, რომ ამ მთავრობას ყველაფერი პიარისთვის უნდა და ყველაფერი ყალბია. რუსთავში გზა ყველაგან დანგრეული იყო. კარგად მახსოვს, რამდენი საათს ვუნდებოდი აქამდე მოსვლას, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი და საარჩევნო შეხვედრებზე მოვდიოდი. დღეს რუსთავის ყველა მთავარი მაგისტრალი კარგადაა დაგებული, შემოდგომისთვის კი, ყველა კორპუსთან ისეთი გზით მივალთ, როგორიც ევროპაშია“-განაცხადა მან.
სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მალე რუსთავში ყველა სკოლა უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად აღიჭურვება, პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ და ქალაქში პროფესიული გადამზადების საუკეთესო ცენტრი აშენდება.
პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობის დაწყების შესახებაც აუწყა. როგორც მან აღნიშნა, ახალი ავტომაგისტრალის მეშვეობით თბილისიდან რუსთავში ჩასვლა 7 წუთში იქნება შესაძლებელი.

















