კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არც ისე რთულია, როგორც
ამას ხელისუფლება წარმოაჩენს და ამას სწორი დიპლომატია სჭირდება.
როგორც ივანიშვილმა დღეს ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას წარდგენისას განაცხადა, 90-იან წლებში მომხდარი დაპირისპირება გაუაზრებელი ქცევისა და არასწორი ანალიზის მიზეზით მოხდა.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბრის საფუძველია ის, რომ ჩვენი ხელისუფლება იქნება მეორე ეროვნული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას შემდეგ. მე მაქვს განცდა, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და ეს არც ისე რთულია, როგორც ამას ხატავენ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთანავე, მან დასძინა, რომ ეს ერთი ხელის მოსმით არ მოხდება, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ნაბიჯებმა პროცესი გაართულა და საჭიროა, სწორი დრო და სწორი, გააზრებული დიპლომატია.
მისი თქმით, შეურაცხმყოფელი პოლიტიკა აღარ გატარდება.

















