საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების
წესის“ შესახებ დადგენილება დაამტკიცა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, კომისიამ აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 18 ივლისს დაიწყო.
კომისიის ინფორმაციით, დოკუმენტის პროექტი საჯარო გაცნობისთვის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 აგვისტოს გამოქვეყნდა.
„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების მიღება საქართველოს ორგანული კანონის „სააჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის საფუძველზე მოხდა.
დოკუმენტის მიზანი საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის და მისი გამოყენების წესების განსაზღვრაა.
დადგენილების საჯარო განხილვაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „მედიის სამართლებრივი დაცვის“ და „ლევან მიქელაძის ფონდის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

















