„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია თავისი ტელეფონის ნომერს რამდენიმე დღეში ღიად გამოაცხადებს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შედეგად ყველა გლდანელს შესაძლებლობა ექნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდეს მას და პირადად გაესაუბროს.
გრიგოლიას განმარტებით, მოქალაქეების შეკითხვებს იგი დამხმარეების გარეშე პირადად უპასუხებს.
„ორ დღეში ღიად გამოვაცხადებ ჩემს პირად ტელეფონის ნომერს, ნებისმიერ გლდანელს შესაძლებლობა ექნება პირადად დამირეკოს და ერთად შევადგინოთ იმ პრიორიტეტების ნუსხა, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ერთად შევადგინოთ ჩვენი საარჩევნო გეგმა, შეხვედრების გრაფიკი, იმ პრობლემათა სია, რომელიც გლდანისთვის პრიორიტეტულია“ - აღნიშნა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, დღესვე, იგი გლდანში ერთ-ერთ ოჯახში მისვლას აპირებს, რომელსაც „თელასმა“ გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შემდეგ, ოჯახის წევრებთან ერთად, იგი „თელასში“ წავა მათი დავალიანების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით.

















