კოალიცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს სთხოვს გადახედოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მესაკუთრის ნებართვის გარეშე მიწერილ პირებსაც აქვთ.
როგორც დღეს კოალიციის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მესაკუთრეების ნებართვის გარეშე მიწერილი პირების რაოდენობა 189 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაც პარლამენტის მიერ ივლისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
„ეს არის დაკანონებული გაყალბების მცდელობა და მოვითხოვთ პარლამენტმა გადასინჯოს ეს გადაწყვეტილება. გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის სწორედ იმ პარტიების კვოტა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან“ - განაცხადა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბანზე გათვალისწინებულია ცალკე მაგიდის დადგმა, „სადაც გაკონტროლდება მისცემენ თუ არა ისინი ხმას“.
მისი თქმით, თუკი აღნიშნული საკითხი არ ჩასწორდა, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობას არანაირი აზრი არა აქვს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ „კარდაკარს“, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციამ გუშინ ცესკო-სგან საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა სიის მონაცემების გადაცემაზე უარი მიიღო. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, უარის გამო კოალიციას არა აქვს საშუალება კომისიისა და „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგები შეადაროს.
„ჩვენს მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგად გამოვლინდნენ გარდაცვლილი, გამორჩენილი, მიწერილი პირები და უცხოეთში მყოფი ამომრჩეველი. გვინდოდა გაგვეადვილებინა კომისიისთვის მუშაობა და შეგვედარებინა ჩვენი და მათი მონაცემები, რაც არ ხერხდება“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პროგრამა „კარდაკარის“ შედეგებს სრულად გადაუგზავნის სახელმწიფო კომისიას, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნული მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა გადაუგზავნოს და ორი დღის ვადაში კოალიციამ დასაბუთებული პასუხი უნდა მიიღოს - იქნება თუ არა გათვალისწინებული შედეგები ამომრჩეველთა სიაში.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კომისია და საოლქო კომისიები ამომრჩეველთა სიის მონაცემებს არ შეასწორებენ, „ქართული ოცნება“ სასამართლოს მიმართავს.

















