პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თენგიზ ომანაძის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საჯარო დებატების ტრადიციაა მიღებული.
ომანაძის განცხადებით, 2003 წლის შემდეგ, ასეთი ფორმატის სატელევიზიო გადაცემა საქართველოში პრაქტიკულად, არ არსებობს.
„მაშინ, როცა ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რამდენად მყარია ესა თუ ის პოლიტიკური ძალა საკუთარ პოზიციებში, როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, როგორც წესი, პოლიტიკურ ოპონენტებთან საჯარო დებატს თავს არიდებს“ - აცხადებს თენგიზ ომანაძე.
მისივე თქმით, საჯარო დებატებში მონაწილეობის მზადყოფნა 14 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზე „ქარისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებმაც გამოთქვეს.
„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სუბიექტებისთვის, ვინც საკუთარი პოზიციების სიმართლეში დარწმუნებულია, ამგვარი ფორმატის პროექტებში მონაწილეობა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

















