კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ზურაბიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილის და ფინანსთა ახალ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს
მოუწოდებს კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა არა ამომრჩევლის მოსყიდვას, არამედ კახელი გლეხის დახმარებას მოახმაროს.
ამის შესახებ ზურაბიანმა დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.
როგორც ზურაბიანმა ჟურნალისტებთან საუბარისას აღნიშნა, ორგანიზაციის წევრები ორი დღის წინ კახეთში იმყოფებოდნენ და ნათლად ჩანს, რომ სტიქიით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად მხოლოდ მინიმუმი კეთდება.
„ის დახმარება, რასაც სახელმწიფო დაზარალებულ გლეხებს უხდის მიზერულია. ჩვენ გვაინტერესებს, სად წავიდა ის 80 მლნ ლარი, რომელიც ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა. მინდა მოვუწოდო მერაბიშვილს და ხეთაგურს, რომ ბიუჯეტში ივანიშვილის მიერ შეტანილი თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონს მოახმარონ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას და ამომრჩევლის მოსყიდვას“ - განაცხადა ზურაბიანმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები მსგავს აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ გლეხები რეალურ დახმარებას არ მიიღებენ.

















