საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენებს წარმატება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სპორტსმენებთან შეხვედრისას ნაკრების წევრებს მან სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველომ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა.
პრეზიდენტის თქმით, გამარჯვების სულისკვეთების შემთხვევაში, არ არსებობს ძლიერი და დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე.
„არ შემიძლია არ ვიტრაბახო მიღწეული შედეგით. ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვიყავით „ბრინჯაოს“ ეპოქაში. პირველი ოქროები 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ავიღეთ. 2008 წელს სამი ოქრო გვქონდა პეკინში. მართალია, ამ ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ოქრო ავიღეთ, მაგრამ 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალიც მოვიპოვეთ - ეს საუკეთესო შედეგია ჩვენი პატარა, მებრძოლი ქვეყნისთვის“- აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

















