კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკად დარეგისტრირების
განცხადებით მიმართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, ბლოკის სახელწოდება იქნება „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ და მასში კოალიციაში გაწევრიანებული 6 პოლიტიკური სუბიექტი შედის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
დღესვე, ცესკო-ს ბლოკის წესდება წარედგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბლოკი საარჩევნო კოდექსით მინიჭებულ უფლებას იყენებს და არჩევნებზე „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო ნომრით - 7 წარსდგება.
ცესკოში ბლოკად დარეგისტრირების შესახებ ეს უკვე მეორე განაცხადია. გასული კვირის ბოლოს ბლოკად დარეგისტრირების განცხადებით კომისიას „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „ევროპელმა დემოკრატებმა“ მიმართეს.

















