საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
როგორც მინისტრმა დალი ხომერიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, 90-იან წლებში ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ასობით ათასი დევნილად იქცა.
„საქართველოს მთავრობა პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ მამულიშვილების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაიღუპნენ“ - განაცხადა ხომერიკმა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი შესრულდა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემით დასრულდა.

















