კოალიცია „ქართული ოცნების“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამ უბანზე ნებისმიერი კონკურენტის წარდგენას მიესალმება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ჯაჭვლიანმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ძალიან კარგია, თუ გლდანში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ინგა გრიგოლია წარადგინეს, რადგან რაც უფრო მეტი კონკურენტი იქნება, ხალხი უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ხაჩირიშვილს, ჯაჭვლიანის თქმით, მან კარგი თემა შემოიტანა, როცა განაცხადა, რომ მისი კონკურენტი არა სოსო ჯაჭვლიანი, არამედ გლდანის პრობლემებია.
„გლდანმა უნდა მისცეს მთელ საქართველოს მაგალითი და რაიონში დასახელებული ყველა კანდიდატის კონკურენტი პრობლემები იყოს “ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების პირობებში ყველა მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვებას ხალხი გადაწყვეტს.
„მე გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. ადამიანები დარწმუნებული უნდა იყვნენ საკუთარ თავში, სხვანაირად ჩემპიონები ვერ გახდებიან“-აცხადებს ჯაჭვლიანი.

















