კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, კომიასიამ საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის დროს კოალიციის წევრები შეხვედრაზე არ მიიწვია და გადაწყვეტილება მათ გარეშე მიიღო.
„პირველად შევიკრიბეთ ცხრა აგვისტოს, ათ წუთიანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ რა უნდა გაკეთებულიყო კვირისთვის. კვირას მთელი დღის მანძილზე მე და გიორგი დოლიძე ვცდილობდით დავკავშირებოდით საოლქოს, მაგრამ ვერაფრით დავუკავშირდით. ორშაბათს გავიგეთ, რომ უკვე საზღვრები იყო დამტიცებული. როგორ, რა მეთოდით და რა პრინციპით, არ ვიცით“ - აღნიშნა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მაია შალამბერიძემ.
,,ქართული ოცნების“ წევრები წყალტუბოს რაიონში კიდევ ერთ კანონდარღვევაზე საუბრობენ, რომელიც საარჩევნო უბნების ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში განთავსებას ეხება. კოალიციის წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილი თქმით, წყალტუბოსა და სოფელ მუხიანში საუბნო კომისიები თვითმმართველობის შენობებშია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ალტერნატიული ფართები არსებობს.
კოალიციის ბრალდებებს წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან კანონდარღვევას არცერთ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, საზღვრების დადგენასთან დაკავშირებულ სხდომას კოალიციის წევრები ესწრებოდნენ.
,,მხოლოდ სოფელ წყალტუბოშია მსგავსი ფაქტი. საოლქო საარჩევნო კომისიის 58 მუხლში მითითებულია ის გარემოება, რომ საუბნო კომისია არ შეიძლება განთავსდეს ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებში, თუმცა, კოდექსი ცალსახად მიუთითებს იმ გამონაკლისებზეც, რაც საშუალებას გვაძლევს განთავსდეს საუბნო კომისია ამ შენობაში. ეს არის შემთხვევა, როცა არ არსებობს იმ სოფელში ალტერნატიული ადგილი“ - აღნიშნა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა მარი კანკაძემ.
„ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაცია გეგმავს აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს, არასამთავრობო ორგანზაციებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობოს.

















