სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში კომპენსაციების დარიგება დაიწყო. როგორც „ნიუსპრესს“ თელავის გამგებელმა ნუგზარ
ხუცაიძემ განუცხადა, პირველ რიგში კომპენსაცია სოფელ აკურაში გაიცემა.
„ამ ეტაპზე დაიწყო კომპენსაციების გაცემა იმ ოჯახებზე, ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაუნადგურდა, ეს პროცესი კონკრეტულად ერთ სოფელში უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით სამ დღეში დასრულდება“ - განაცხადა ხუცაიძემ.
ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს კრამიტიანი სახურავების დაზიანების საკითხის შესწავლა, მოგვიანებით კომპენსაციების დარიგება ამ ოჯახებისთვისაც დაიწყება.
ხუცაიძის თქმით, მოსახლეობას თანხის მიღება „ლიბერთი ბანკში“ შეუძლია. სოფელ აკურაში უკვე ჩავიდნენ „ლიბერთი ბანკის“ მობილური მანქანები.
ფულად კომპენსაციას სულ 18 685 ოჯახი მიიღებს - 13 861 ოჯახი - 1 500 ლარს, 2 825 ოჯახი - 1 000, ხოლო 1 999 ოჯახი - 500 ლარს.
19 ივლისს ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ქარიშხალი და სეტყვა ახლდა, საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი კახეთს, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მიადგა.

















