„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატების“ გამარჯვების
შემდეგ, ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები შემცირდება.
ამის შესახებ მან დღეს, კალათბურთის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისის გაღატაკებულ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრით გადახდა მძიმე ტვირთად აწევს.
„ქრისტიან-დემოკრატების“ არჩევა სამართლიანი ტარიფების დაწესებას ნიშნავს. ვინც ქვეყანას მთელი ამ ხნის გამავლობაში მართავდა გვიმტკიცებდა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია შეიყვანა, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არაა“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ არჩევის შემთხვევაში, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „თელასის“ აქციების გამოსყიდვა მოხდება, რითაც კომუნალური გადასახადები შემცირდება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, თარგამაძის განცხადებით, მისი განვითარება ქვეყნის აღმშენებლობისთვის ყველაზე ეფექტური გზაა.
თარგამაძის განცხადებით, ყველა ვინც ადრე მათთვის ტალახის სროლით იყო დაკავებული, ახლა აღიარებს, რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა“ პოლიტიკაში მოსვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კალათბურთის სასახლეში თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

















