საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პრეზიდენტს კონსტიტუციისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს.
გიორგი თარგამაძემ, სკოლიდან გარიცხული 15 წლის მიხეილ ალექსიძის დედასთან ლალი ლეკიშვილთან ერთად, პარლამენტში ბრიფინგი გამართა და სკოლიდან უკანონოდ გარიცხული ბავშვის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.
"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება! ერთია პოლიტიკური დებატების დროს მკაცრი საუბრის ტონი და მეორეა, ახალგაზრდის ბედი, რომლის მიმართ დაუმსახურებელი ეპითეტები და შეფასება მოვისმინეთ", – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, 53-ე სკოლის დირექტორი ტარას შავშიშვილი საფრთეს უქმნის მომავალ თაობას, ამიტომ, განათლების სამინისტრო რაც უფრო მალე მიიღებს მის მიმართ გადაწყეტილებას, მით უფრო უკეთესი იქნება.
გიორგი თარგამაძე განმარტავს, რომ მიხეილ ალექსიძეს კარგად იცნობს, ის სტიქაროსანია და არა კრიმინალი ან ხულიგნური მენტალიტეტის მქონე.
ბრიფინგზე მიხეილ ალექსიძის დედამ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მისი შვილი 53–ე სკოლიდან გარიცხეს, რამდენიმე სკოლას მიმართა, მაგრამ მათ ბავშვის მიღებაზე უარი განაცხადეს. ლალი ლეკიშვილმა დაასახელა 49–ე, 183–ე, 55–ე, 51–ე, 24–ე სკოლები, რომელთაც მიხეილ ალექსიძე არ მიიღეს.
ლალი ლეკიშვილმა მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის შესახებ მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოსაც მიმართა, რომლის მოსამზადებელი სხდომაც დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო.
მიხეილ სააკაშვილმა 53-ე სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს, პარლამენტში გამოსვლის დროს, ხულიგანი უწოდა. მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს.

















