ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ასევე მიეძღვნა საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს და საქართველოსპირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილეს.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას პრანცკიეტისმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა.
მიღებაზე მიწვეული სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერების რეპერტუარით წარსდგა ანსამბლი „ქართული ხმები“, ხოლო ქართული ცეკვები შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ წევრებმა.
ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად შექმნილი ფოტოგამოფენის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლები „Emotions are Georgia”, “Summer in Georgia” და “For the Best Moments of Your Life” და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობისთვის, წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ მომზადებული ვიდეორგოლი „Georgia made by Characters“ აჩვენეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დამოუკიდებელი ლიეტუვის სახელმწიფოს პირველი მეთაური ვიტაუტას ლანდსბერგისი, ლიეტუვის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატები, ლიეტუვის კულტურისა და აკადემიური წრეების გამოჩენილი მოღვაწეები, ასევე ქართველი სტუდენტები და ლიეტუვაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

















