საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სიმართლის მომენტს უწოდებს. ამის შესახებ
პრეზიდენტმა იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება არასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს კორუმპირებული და კრიმინალი ჩინოვნიკების ხელში და საზოგადოებამ სამართლიანი არჩევანი უნდა გააკეთოს.
„ეს არჩევნები ჩვენთვის არის ასევე, სიმართლის მომენტი. მართალია, ამ მთავრობამ დაამარცხა კორუფცია, ევროპამ აღიარა, რომ ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ. მართალია, ამ მთავრობამ დაამარცხა კრიმინალი. მართალია, ამ მთვარობამ გააკეთა გზები, თუმცა ბევრგან ჯერ კიდევ გასაკეთებელია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში გაკეთდა, მთავრობამ უდიდესი შრომით, ბრძოლითა და ძალიან ბევრი მტრის გაჩენის ფასად მოახერხა. საზოგადოება კი, უნდა დაფიქრდეს იმაზე, არის თუ არა მოსახლეობა და მთლიანად საქართველო იმაზე უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ იყო.
პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითია, მაშინ მოსახლეობამ მმართველ პარტიას კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნის საშუალება უნდა მისცეს.
„უნდა მოგვცეთ საშუალება, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები შევქმნათ, რომ თითოეულმა ოჯახმა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს იმით, რაც უკვე ავაშენეთ. ხელისუფლება ისევ ქურდბაცაცებს, კორუმპირებულებს, კრიმინალებს არ უნდა ჩავუგდოთ ხელში. ის ხალხი, ვინც ნგრევის სიით მოდის, მას საქართველო არ უყვარს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მტერს კი არ უნდა ჩაბარდეს, არამედ უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს და ყველაფერი უნდა აღადგინოს.

















