საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის
პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე.როგორც ცნობილია, დავით გარეჯის საკითხზე მუშაობა განაახლა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ორ ათეულ წელზე მეტია გაყინულია და როგორც მოსალოდნელი იყო, გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები ამ საკითხის ირგვლივ.
პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, გაკეთდა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადება.
,,მინდა შეგახსენოთ ყველა ის განცხადება, რომელიც დავით-გარეჯის თემაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთდა:
პირველი განცხადება აზერბაიჯანში, ოფიციალური ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად გამართული პრესკონფერენციიდან: - გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი.ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მიღებისთვის, მე მჯერა და ვისურვებდი, რომ ეს არის საწყისი ახალი და მჭიდრო ურთიერთობების და მეგობრობის. ამ იმედით მინდა დავასრულო ჩემი პირველი გამოსვლა.
მეორე განცხადება, რომელიც ,,ევროპა ნოსტრას“ ექსპერტებთან ერთად, პრეზიდენტის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას გააკეთა: - ამოვედი დავით გარეჯის ზედა ნაწილში ,,ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად, დავათვალიერეთ კლდის ნახატები და ფრესკები ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს.
მესამე განცხადება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა: საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. აუცილებელია, ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.
მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები" - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

















