ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი,
გიგი წერეთელი ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ასამბლეის დელეგაციამ, რომელშიც ევროპელი დეპუტატები შედიოდნენ, ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე, ტონ ტრონთან, გარემოს დაცვის მინისტრთან, ულა ელვესტუენთან და საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან მარიან ჰაგენთან შეხვედრები გამართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე განხილული იყო არქტიკის რეგიონის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გარემოს დაცვითი და ეკონომიკური გამოწვევები, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და სახელმწიფოთა შორის კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები. აღინიშნა, რომ გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების პრობლემები არქტიკულ რეგიონში არ არის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის პრობლემა, ის გავლენას ახდენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკოსისტემაზე და მდგრად განვითარებაზე.
გიგი წერეთელმა ნორვეგიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველო - ნორვეგიის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ნორვეგიის მხრიდან თანამშრომლობაზე და დახმარებაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება, თბილისის ბეთლემის უბნის და ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროგრამებზე გაამახვილა.
საპარლამენტო დელეგაცია ასევე იმყოფებოდა ნორვეგიის ყველაზე ჩრდილოეთ რეგიონში, სვალბარდში, სადაც შეხვედრები გამართეს გუბერნატორთან და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ადგილზე გაეცნენ გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების კონკრეტულ მაგალითებს.

















