დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების განხილვის დაწყებამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის დამოუკიდებლობის და დიასპორის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობას უცხოეთში მცხოვრები ქართველები იღებენ. „რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი დიასპორა, მით უფრო მალე გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა“--განაცხადა ბექა ოდიშარიამ.მისი განცხადებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ქართულ დიასპორასთან წარმატებული თანამშრომლობისთვის არაერთი ნაბიჯი იდგმება. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ უკვე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დიასპორის საკთხებზე, გამოწვევებზე და შეთავაზებებზე იმუშავებს.
„ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ უნდა შევქმნათ ისეთი პროდუქტი და შევთავაზოთ დიასპორას, რომელიც მეტად მისცემს მათ საშუალებას, იყვნენ ჩვენი ეკონომიკის მაგენერირებელი. ჩვენ კარგად გვესმის თუ რა დიდ როლს ასრულებენ ისინი ქართული ეკონომიკის განვითარებაში, და სწორედ ამიტომ გვინდა შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი და სერვისი, რომელიც გაუადვილებს მათ ინვესტირებას ქართულ ეკონომიკაში“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დღეს, კომიტეტმა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს, მიხეილ ხიდურელს მოუსმინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს .პროგრამით - „აწარმოე საქართველოში“ გათვალისწინებულ პროექტებში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და დაბრუნებული მიგრანტების ჩართულობის, არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ძირითად მიმართულებებზე, გამოწვევებსა და ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით სააგენტო ბიზნესის ხელშეწყობის, ექსპორტის მხარდაჭერის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას. მისივე თქმით, სააგენტოს პროგრამები სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები მიაწოდა. მისი თქმით, ყველა ამ მიმართულებით ქართული დიასპორის როლი ძალიან დიდია და იგეგმება მათთვის საინტერესო პროექტების შეთავაზება.
მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო გეგმავს პოტენციური დიასპორული ინვესტორების ბაზის შექმნას, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება და ბაზის მონაცემები მიეწოდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და სააგენტოს საინვესტიციო დეპარტამენტს.
„ჩვენ ამ ბაზის შექმნით გვექნება მუდმივი კავშირი უცხოეთში, რადგან ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან და ისინი მზად არიან, რომ საქართველოსთან რამე ტიპის აქტივობა აწარმოონ“,-განაცხად მიხეილ ხიდურელმა.
იგეგმება დისაპორასთან ურთიერთობების გააქტიურება, მათთან სისტემატიური კომუნიკაცია და მათთვის არსებული სიახლეების, პროექტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის დაიგეგმოს ღონისძიება საქართველოში, სადაც ისინი ჩამოვლენ და ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან მიიღებენ სრულ ინფორმაციას იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს. „ამასთან, უფრო მნიშვნელოვანია მათი მოსმენა. ყველა წარმატებულ ქართველს უცხოეთში აქვს თავისი ისტორია, იდეები და ინიციატივები, რომლის მოსმენის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად მათზე მორგებული ახალი პროგრამები შევქმნათ და პირდაპირ ვილაპარაკოთ კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე“,-განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა პროგრამის ფარგლებში დიასპორული პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოყენების და ამ მიმართულებით სპეციალური პროექტების შესახებ კომიტეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ძალიან საინტერესო პრეზენტაციაა, ვფიქრობ, საჭიროა დამატებით ვიმსჯელოთ ამ პროექტებზე. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მოვამზადოთ და განვიხილოთ საკითხები სამუშაო ვითარებაში უწყებათაშორისი კომისიისთვის“,-განაცხადა სხდომის დასასრულს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

















