პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და სლოგანი - „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ წარადგინა.
გამყრელიძის თქმით, პროგრამა, რომელზეც პარტია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ყოვლისმომცველია.
მისივე თქმით, პროგრამაში მოცემულია ის გზები და საშუალებები, რითაც „ახალი მემარჯვენეები“ თავიანთი მიზნების და სლოგანის რეალურად განხორციელებას გეგმავენ.
„დღეს, ყველაზე დიდ პრობლემას ოჯახების შემოსავალი წარმოადგენს. შეძლებული ოჯახი ნიშნავს დასაქმებულ და ღირსეული შემოსავლის მქონე ოჯახს, რომლის მინიმალური შემოსავალი თვეში 1000 ლარია. ჩვენთვის მთავარია, რომ ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს გარანტირებული სამედიცინო მომსახურება, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ღირსეული პენსია ოჯახის ხანდაზმული წევრებისთვის“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, „ახალი მემარჯვენეები“ სტაბილური და უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნას აპირებენ, რომლის გარანტი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა.
„ჩვენი პროგრამის მიხედვით, ძირითადი გათვლა გაკეთებულია ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც მსოფლიოში დასაქმების უმთავრესი საშუალებაა“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, პროგრამის მიხედვით, განათლებაზე გამოყოფილი ხარჯები უნდა გაორმაგდეს. ასევე, გაიზარდოს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსება, რის სანაცვლოდაც, გამყრელიძის თქმით, სახელმწიფო აპარატის შენახვაზე და ძალოვან სტრუქტურაზე გამოყოფილი ასიგნებები შემცირდება.

















