კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს ქვეყნიდან გასული ასეულობით ათასი ემიგრანტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.
როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ემიგრანტების უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს იმის გამო, რომ იგი ორშაბათ დღეს დაინიშნა და 1 ოქტომბერი „მათთვის დასვენების დღედ არავის გამოუცხადებია, როგორც ეს საქართველოში მოხდა“.
„ეს დიდი პრობლემაა მათთვის ვინც მუშაობს, როგორც ფინანსური, ისე დროის თვალსაზრისით. საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც საქართველოს წარმომადგენლობებია, ანუ ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სახელმწიფოს დედაქალაქებში, ხოლო ემიგრანტები სხვადასხვა ქალაქებში არიან გაფანტული“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ემიგრანტების სურვილი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არანაირად არ გაითვალისწინა. ემიგრანტებში კი, მაღალი აქტიურობა, რადგან მათ საქართველოში ვითარების გამოსწორების იმედი გაუჩნდათ.
ასევე, ფანჯიკიძე „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ეთანხმება ზურაბიშვილის აზრს იმის შესახებ, რომ ხელისფლებას ემიგრანტების პოზიცია, ისევე როგორც მათი ბედი, არ აინტერესებს. თუმცა, არ ეთანხმება ზურაბიშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ემიგრანტებში არსებული მუხტის გაერთიანება.
როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, არსებობს ბარიერები რომელთა გადალახვა არავის შეუძლია და ასეთია ორშაბათს დანიშნული არჩევნები, რის გამოც ემიგრანტების უმეტესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

















