კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის არმიღების შესახებ,
გონივრულია და მიზნად ოპოზიციის გაძლიერებას ისახავს.
როგორც ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, ბურჯანაძემ ეს გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ ოპოზიციის ხმების დაქსაქსვა არ მოხდეს, რასაც არჩევნების დროს ხშირად აქვს ადგილი.
„გადაწყვეტილება ძალიან გონივრული, ნამდვილად სახელმწიფოებრივია. ჩვენ მას მივესალმებით. ეს გადაწყვეტილება ემსახურება ერთ მიზანს - ოპოზიცია იყოს ძლიერი და ერთმანეთს ხმები არ წაართვას და რაც შეიძლება მეტ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვოს ოპოზიციამ, ისევე, როგორც პროპორციული სიით“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მან მოქალაქეებს მოუწოდა არჩევნებზე მივიდნენ და ხმა საქართველოს გადარჩენას მისცენ.

















