პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობის გამოსავლენად ობიექტური და მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს.
როგორც დღეს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ მიზნით, პარტია სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაზე ტენდერს აცხადებს.
მისი თქმით, ტენდერში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს შეუძლიათ.
„პარტია კვლევის დაფინანსების ვალდებულებას იღებს. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია სრულ დამოუკიდებლობას და საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიებს მიიღებს“ - განაცხადა ომანაძემ.
მისივე თქმით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შესაბამისი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, კვლევის ჩატარების შესაძლებლობის მასშტაბები, კვლევის რესპონდენტთა შერჩევის პრინციპები და ინტერვიუერთა კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ.

















