კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა,
რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავთ.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების უმეტესობის სახელები და გვარები მისთვის ცნობილია და ისინი სახელმწიფო უწყებებში წლების განმავლობაში მუშაობდნენ.
„თუ მოსახლეობა მიიჩნევს, რომ გასული 9 წლის მანძილზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კანდიდატებმა თბილისის მოსახლეობისთვის რაიმე სასიკეთო გააკეთეს, ეს მათი გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავთ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
იგი ასევე, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გაიმარჯვებენ, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მთაწმინდაზე კენჭს არჩილ გეგენავა იყრის, კრწანისში - დავით საყვარელიძე. ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილია, საბურთალოზე კი - ანდრია ურუშაძე.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ისანში კენჭს გიორგი ვაშაძე იყრის, სამგორში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხეილ მაჭავარიანი დასახელდა.
დიდუბის მაჟორიტარად გიორგი ჩაჩანიძე, ჩუღურეთის - ანდრო ალავიძე, გლდანის - ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ხოლო ნაძალადევში მერაბ სამადაშვილი წარადგინეს.

















