კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია რუსთავში 19 აგვისტოს, ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება, მიუხედავად იმისა, თანახმაა თუ არა რუსთავის მერია
- ამის შესახებ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთვში ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ძიძიგურის თქმით, რუსთავის მერია კოალიციას აქციის გამართვაზე ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.
მისი თქმით, 6 აგვისტოს მათ მერიას მიმართეს და აცნობეს, რომ აქციას 19 აგვისტოს მერიის წინ გეგმავდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ დღეს ტერიტორია დაკავებული იქნებოდა, კოალიცია მხარდამჭერებს მეგობრობის მოედანზე შეხვდებოდა.
რუსთავის მერიის პასუხის თანახმად, მერიის წინ კულტურული ღონისძიებები იგეგმებოდა, ხოლო მეგობრობის მოედანზე აქციის გამართვაზე უარი იმით აიხსნა, რომ იგი ტრანსპორტის გადაადგილებას შეუშლიდა ხელს.
მერიამ აქციის გასამართად კოალიციას ალტერნატიული ფართი - რაგბის მშენებარე სტადიონის და ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა, თუმცა, ძიძიგური აცხადებს, რომ ორივე მათგანი ქალაქგარეთაა და აქციის გასამართად არ გამოდგება.
„ეს ტერიტორია გველებით არის სავსე. ამასთან, სამშენებლო პოლიგონია. არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერები ქალაქგარეთ ვატაროთ“ - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი განმარტებით, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიციას არა აქვს ვალდებულება აქციის გამართვაზე ნებართვა მერიისგან ითხოვოს. მან ამ ფაქტის შესახებ მერიას მხოლოდ უნდა აცნობოს.
აქედან გამომდინარე, ძიძიგური აცხადებს, რომ აქცია 19 აგვისტოს ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება.
ძიძიგურის თქმით, ყველა დოკუმენტს, რომელშიც აქციის გამართვასთან დაკავშირებით კოალიციის შეტყობინება და რუსთვის მერიის საპასუხო წერილები შედის, „ქართული ოცნება“ სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

















