პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა შავგულიძე ადგილობრივი ბიუჯეტის "ნაციონალური
მოძრაობის" საარჩევნო კამპანიისათვის გამოყენებაზე საუბრობს.
როგორც შავგულიძემ, დღეს ზესტაფონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების რეალური ოდენობა გასაიდუმლოებულია. საბიუჯეტო წლის დასაწყისში რაიონის ბიუჯეტი შეგნებულად იგეგემება უარყოფითი მაჩვენებლით. ეს აპრობირებული პრაქტიკაა, რასაც შავგულიძე იმით ხსნის, რომ ქონებისა და მიწის გადასახადის კუთხით წლის განმავლობაში მობილიზებული თანხები მმართველი გუნდის პიარ -კამპანიებზე იხარჯება.
"მიმდინარე წელს ბიუჯეტის შემოსავლები 6.5 მილიონით დაიგეგმა, თუმცა ამ დროისთვის ბიუჯეტი 12 მილიონამდეა გაზრდილი. გასაიდუმლოებული თანხებით ისეთი ღონისძიებები ფინანსდება, რომლებსაც შემდეგ პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის მიღწევებად ასახელებს“-განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ზესტაფონში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა ხმები ძალიან უჭირს, რასაც შავგულიძის განცხადებით, არც თვითონ მალავენ და არჩევნებში გამარჯვებას პიარ-კამპანიებით გეგმავენ.

















