პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხისთვის დავით აღმაშენებლის დროსაც და ახლაც 5 მთავარი პრინციპი არსებობდა, რამაც ქვეყანა დღემდე მოიყვანა.
როგორც სააკაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ეს პრინციპები რომელიც ქვეყნისთვის ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო, არის ერთიანობა, თავისუფლებისმოყვარეობა და შეუპოვრობა, აღმშენებლობა, რეფორმები და გამარჯვება, „რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვოს ქვეყანამ“.
„დიდგორის ველზე დღეს ისევე ბევრნი ვართ როგორც ისტორიულად იდგა სრულიად საქართველოს ლაშქარი ასეთივე მედგარი და ასეთივე ერთიანი, ასეთივე შეუპოვარი, გამზადებული და მოწოდებული წინსვლისთვის და არა უკან დახევისთვის“ - განაცხადა დიდგორობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღესასწაულზე მყოფ ბევრ ადამიანს აწერია რიცხვი ხუთი, რაც ხუთ მთავარ პრინციპს განასახიერებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო ზეიმი - „დიდგორობა 2012“ აღინიშნება.
დიდგორის ბრძოლა „ძლევაი საკვირველის“ 891-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დიდგორის ველზე 11:00 საათზე დაიწყო.

















