პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსს, რომელსაც გააჩნია გრძელი სია იმისა, თუ რა უნდა დაანგრიოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ამავდროულად
დამპყრობელისთვის ჩაბარებას გეგმავს, მას საქართველო არ უყვარს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა რაჭის სოფლებში ღებსა და ღარში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, არჩევნებია თუ არა, ვიღაცა ცდილობს, არიოს საქართველოს პოლიტიკური ვითარება, ჩვენ ასეთ რამეებზე დროს ვერ დავკარგავთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პასუხი „ყოველგვარ აგრესიაზე აღმშენებლობა იქნება“.
„როდესაც შენ გაქვს კონკრეტული პროგრამა, რომ დამპყრობელს უთხრა, ჩემი ბრალია ყველაფერი, თავზე ნაცარი წაიყარო და თქვა, მოვედი რომ ჩაგბარდე,- შენ არ გიყვარს საქართველო. მაშინ, როდესაც ამდენი რამეა ასაშენებლი საქართველოში, შენ კი გაქვს გრძელი სია იმისა, თუ რა უნდა დაანგრიო, თუ ღმერთმა არ ქნას და რამე ბერკეტი ჩაგივარდა ხელში - შენ არ გიყვარს საქართველო“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით დასანგრევთა სიაში გარდა შუშის ხიდისა არის პოლიციის ახალი სისტემა, პარლამენტი, იუსტიციის სახლები და ჯანდაცვის სისტემა.
სააკაშვილი რაჭის მაღალმთიან სოფლებს მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად ესტუმრა.

















