საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი პოლიციის სამმართველოს ეზოში მიმდინარე წვრთნებში არანორმალურს ვერაფერს ხედავს.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა „ნიუსპრესს“ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ნაჩვენები კადრების კომენტირებისას განუცხადა, სადაც ზუგდიდის მეორე სამმართველოს ეზოში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მოქალაქეების წვრთნის პროცესია ასახული.
პარლამენტარი აცხადებს, რომ „მაესტროს“ სიუჟეტი არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ წვრთნაში მონაწილე პირებს არც პოლიციელის ფორმა აცვიათ და არც შესაბამისი ამუნიციით არიან აღჭურვილი, ეჭვის საფუძველს არ იძლევა, რომ ისინი პოლიციელები არ არიან და წვრთნა გეგმიური არ იყო.
„პოლიციის მთელ რიგ დანაყოფებს, გამომძიებელებს ფორმა ხშირად არ აცვიათ-ხოლმე. ვერ გეტყვით, რა წვრთნა იყო. წინმსწრებად კანონდარღვევებზე საუბარი არ ვიცი, რამდენად სწორია“-განაცხადა მან.
10 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ნაჩვენებია ზუგდიდის მეორე სამმართველოს ეზოში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანის წვრთნის პროცესი. კადრებში ასახული მოქალაქეები ფარებითა და ხელკეტებით არიან აღჭურვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი „ნიუსპრესს“ განუცხადეს, რომ თუ კადრები ნამდვილად სამმართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული, მაშინ მასში ასახული პირები აუცილებლად სამართალდამცავები იქნებიან, რომლებიც გეგმიურ წვრთნას გადიან და ამაში სენსაციური არაფერია.

















