დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის
ჯგუფმა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორთან, თორნიკე ნოზაძესთან და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან, ნინო ბოლქვაძესთან გამართა.
ზეპირი მოსმენის მთავარ საკითხს წამოადგენდა თუ როგორ მუშაობს და რა პოლიტიკა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, რა აქტივობებს ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და როგორ თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან რუსული დეზინფორმაციის კამპანიის გავლენების შესამცირებლად. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ვრცლად ისაუბრა იმ პროგრამების და ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მათი ცენტრი ამ მიმართულებით ახორციელებს.
როგორც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, აღმასრულებელი ხელისუფლება, ყველა უწყება თავისი მიმართულებით პასუხისმგებელია იმაზე, რომ საპასუხო ღონისძიებები გაატაროს ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიის შესამცირებლად.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციულ კამპანიასთან გასამკლავებლად. დღევანდელ მოსმენაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სამინისტროს აქტივობის შესახებ ამ მიმართულებით. კონკრეტულად რა ღონისძიებებს ახორციელებს საგარეო უწყება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, რათა შესუსტდეს რუსეთის გავლენა და მისი დეზინფორმაციული კამპანიიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე, ვიმსჯელეთ გარე და შიდა კომუნიკაციის მნიშვნელობაზე თუ როგორ გავაუმჯობესოთ რეაგირების მექანიზმები“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრას მთავარი მომხსენებლის, ნინო გოგუაძის გარდა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.
პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).

















