„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი ჭიათურაში პატარიძის სახელობის მაღაროს ეწვივნენ და მუშების მდგომარეობას გაეცნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ქრისტიან დემოკრატები“ მაღაროელთათვის ანაზღაურების გაზრდას და მათი სოციალური დაცვის კუთხით განსაკუთრებული მექანიზმების შექმნას ითხოვენ.
„რთულ პირობებში მომუშავე პერსონალი პენსიაზე სხვა პროფესიის მოქალაქეებზე ადრე უნდა გავიდეს“-განაცხადა თარგამაძემ ჭიათურაში მაღაროელებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მათი 400 ლარიანი ანაზღაურება, მიზერულია და არ შეესაბამება იმ მძიმე შრომით პირობებს, რომელშიც ეს ადამიანები იმყოფებიან.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ცალკე პროგრამის სახით უნდა მოხდეს მაღაროელებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის განსაკუთრებული მექანიზმების შემუშავებაც.
მოძრაობის ლიდერები მაღაროელებს დაპირდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ კუთხით სერიოზულ ნაბიჯების გადადგამენ.
დღესვე, „ქრისტიან დემოკრატიული“ მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ნუგზარ ფუტკარაძე, ზაზა შაშიკაძე და ვაჟა ვერულიძე მახინჯაურის მეურნეობის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.
ფუტკარაძემ მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის დევიზიც, მისი თქმით, არის - „შვილებს - განათლება, მშობლებს-დასაქმება, პენსიონერებს-დაფასება“.
მისი თქმით, მათი არჩევის შემთხვევაში, მოძრაობა ეცდება ააშენოს ისეთი საქართველო, რომელიც ყველა თაობისთვის თანაბრად იზრუნებს.

















