საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ თბილისში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ რევანშისტული განწყობის არსებობის შესახებ რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებას, მუქარის ტონით გაჟღერებული რიტორიკული გადახვევა უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ ქართული მხარის მიერ პრეზიდენტ პუტინის განცხადებების შეფასებებზე საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ისტერიული რეაქცია „ადასტურტებს რევანშისტულ ზრახვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მრავალტანჯული ხალხების მიმართ“.
„პუტინის განცხადებამ გამოავლინა ახალი ფაქტობრივი გარემოება რუსეთის მოტივაციასა და გეგმების შესახებ. ჩვენ მივუთითეთ და შევაფასეთ კონკრეტული დარღვევები, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ გაუცია, რაც ნიშანდობლივია“ - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, რუსეთს არ გააჩნია გასამართლებელი არგუმენტი პრეზიდენტ პუტინის განცხადების თუნდაც იმ ნაწილზე, სადაც ის ოსური ფორმირებების წვრთნასა და აღჭურვაზე საუბრობს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე საერთაშორისო რეაგირების მიზნით, დღეს სერგი კაპანაძე საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავზე ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგო გეგმა, მასთან შეთანხმებით, რუსეთის გენშტაბმა 2006-2007 წლებში შეიმუშავა და ეს საიდუმლო არ ყოფილა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის შენაერთების მომზადება უშედეგო საქმე იყო საქართველოს არმიის წინააღმდეგ, თუმცა, 2008 წლის აგვისტოში ისინი უფრო ქმედუნარიანი აღმოჩნდნენ.

















