„თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიებს სოციოლოგიური კვლევის ერთობლივი დაფინანსების ინიციატივით მიმართავს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანაძემ განაცხადა, მოსახლეობის პოლიტიკური განწყობის შესახებ ბოლო დროს ჩატარებული კვლევები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის უნდობლობას იწვევს, რადგან, მისი თქმით, ქვეყანაში გავრცელებული ტენდენციით, სოციოლოგია იმ ძალების პროპაგანდის საშუალებად იქცა, რომელთა დაფინანსებითაც ტარდება კვლევა.
ამასთან, პარტია მოსახლეობის რეალური განწყობების გამოსაკვლევად ობიექტური და მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს.
„იმისთვის, რომ კვლევის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა პარტიის მხრიდან შედეგებისთვის უნდობლობის გამოცხადება არ მოხდეს, „თავისუფალი საქართველო“ ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართავს, მოვახდინოთ ამ გამოკითხვების ერთობლივი დაფინანსება და კვლევის ჩატარებაში თანაბარი მონაწილეობა მივიღოთ“-განაცხადა ომანაძემ.
მისივე თქმით, ამ პრინციპით ჩატარებული კვლევა მოსახლეობის განწყობის შესახებ რეალურ შედეგებს მოიტანს.

















