საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბრალდებებს დიპლომატიური უწყების „პოლიტიზებასთან“ დაკავშირებით, უსაფუძვლო უწოდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 27 ივლისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ის აკრიტიკებს საქართველოს დიპლომატიური უწყების „პოლიტიზირებას", კერძოდ, იმ ფაქტს, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს პოლიტიკური ხასიათის ელექტრონულ წერილებს უგზავნიდა."
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მან საკითხის სრული შიდა მოკვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ დიპლომატიური უწყების პოლიტიზირებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ზემოხსენებული წერილები არ შეიცავდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეფასებებს. მათში აქცენტი გადატანილი იყო იმ ფაქტებზე, რომლებიც ასახავს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ქართული პოლიტიკური პარტიების პოზიციებს“-აღნიშნავს უწყება.
განცხადების თანახმად, ორგანიზაციის მიერ მითითებულ არც ერთ წერილში ქართველ დიპლომატებს უცხოელი კოლეგებისთვის თავისი პოლიტიკური შეფასებები არ მიუწოდებიათ. ამასთან, მოცემულ კორესპონდენციაში დიპლომატიური სამსახური რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციას პროპაგანდას არ უწევდა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადება, ასევე, შეიცავს სამინისტროს მიერ პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბრალდებას, რაც, ასევე უსაფუძვლოა.
„აღნიშნული ელექტრონული წერილები განკუთვნილი იყო არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელი ექსპერტების და მკვლევარებისთვის. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ საარჩევნო მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები“-განმარტავს სამინისტრო.
აქედან გამომდინარე, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ქართველ დიპლომატებს საქართველოს კანონმდებლობა და დემოკრატიულ ქვეყნებში დადგენილი დიპლომატიური სტანდარტები არ დაურღვევიათ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებდა, რომ საქართველოს საელჩო დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, პოლიტიკური შინაარსის „იმეილებს“ უგზავნის და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობს. ორგანიზაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტის გამოკვლევას და შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვდა.

















