კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი ვიქტორ დოლიძე მდაბიო და იაფფასიან გამოხდომას უწოდებს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის განცხადებას კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშებიდან გატანილი თანხის დაბრუნების შესახებ.
როგორც ვიქტორ დოლიძემ დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან ადგილი აქვს კერძო ფინანსების ხელყოფას.
„არავის აქვს უფლება დაითვალოს კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის პირად ანგარიშზე თანხები და მათი მოხმარების წესი დააწესოს“ - აღნიშნა დოლიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურის ის თანამშრომლები, ვინც ასეთ უკანონო ქმედებებს ახორციელებენ, აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.
სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წინადადებით მიმართა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან 2012 წელს გატანილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, რომ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ივანიშვილმა და კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. კერძოდ, ივანიშვილმა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.
სამსახურის განმარტებით, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით, ივანიშვილს და კალაძეს მიეცა წინადადება დანიშნულების გარეშე გატანილი სოლიდური თანხების პირად ანგარიშებზე დაბრუნების შესახებ.

















