პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის განცხადებით, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი
საქართველო“ აცნობიერებს, რომ არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ არჩევნებში მონაწილოებაზე უარის თქმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება არჩევენებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის თაობაზე.
„ნებისმიერი პარტიის მიზანია, ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდეს. თუ მათ ასე გადაწყვეტეს, ეს მათი უფლებაა. ისინი კარგად იაზრებენ, რომ დღეს ყველაზე ძლიერი და სოლიდური ძალა „ქართული ოცნებაა“, რომელიც საარჩევნოდ ბლოკად ჩამოყალიბდება და რომელსაც არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს“-აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის მოწოდებას იმის თაობაზე, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიციამ მოქალაქეების ხმების დასაცავად ბოლომდე უნდა იბრძოლოს, კობახიძემ განაცხადა, რომ კოალიცია ყველა ზომას მიიღებს, რათა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ელექტორატის ხმების გაყალბება და მოპარვა.
„როგორც საშინაო ისე საგარეო ყველა რესურსი ამოქმედებულია, რათა არ მოხდეს ხმების გაყალბება. იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება მაინც გაბედავს და ხმებს მოგვპარავს, მის დასაცავად სამართლებრივ და კონსტიტუციურ გზებს მივმართავთ“- აღნიშნა მან.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კოალიცია ეცდება გასაჩივრებას, თუმცა, თუ საჭირო გახდა, მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხმების დასაცავად კონსტიტუციურ უფლებას-საჯარო შეკრებებსაც გამოიყენებს.

















